ტყიბულის მუნიციპალიტეტში არის ადგილი, რომელიც საქართველოსთვის გმირობის, ერთიანობის და ეროვნული სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს.
ხრესილის ველი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილში მდებარეობს, ლოგიკურია რომ აქ გამართულ ბრძოლას სახელიც ადგილის შესაბამისად ეწოდება.
1757 წლის 14 დეკემბერს, სწორედ აქ გაიმართა ხრესილის ბრძოლა, სადაც იმერეთის ახალგაზრდა მეფის, სოლომონ I-ის მეთაურობით ქართველებმა ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარი დაამარცხა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
თუმცა გამარჯვებამდე იყო ურთულესი გზა, რომლის გავლაც ახალგაზრდა მეფისთვის მარტივი არ ყოფილა. მის გამეფებას წინ უძღოდა საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალთა გარნიზონები, ტყვეებით ვაჭრობა, სეპარატისტი მთავრები, დასუსტებული ეკლესია და ტახტის მაძიებელთა გაუთავებელი ბრძოლები ქვეყნას ანარქიის ზღვარზე ამყოფებდა.
სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი როსტომი და მისი ძმა, აფხაზეთის კათალიკოსი ბესარიონი, გურიის მთავარი მამია გურიელი, საკუთარი დედა თამარი და აბაშიძეების გავლენიანი საგვარეულო მისი ბაბუის, ლევან აბაშიძის მეთაურობით, სოლომონის ბიძები, მამუკა და გიორგი ბაგრატიონები.
მიუხედავად ამ და სხვა უამრავი წინააღმდეგობისა1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა 17 წლის სოლომონ I. მას მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დანაწევრებული სამეფო ერგო. ახალგაზრდა, გაბედულმა მეფემ მიზნად დაისახა ძლიერი სამეფო ხელისუფლების შექმნა, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა და ოსმალთა ბატონობისაგან ქვეყნის განთავისუფლება.
საწყის ეტაპზე მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს და შეთქმულების შედეგად დროებით ტახტიდან ჩამოაგდეს სოლომონი, თუმცა მან მალევე დაიბრუნა მმართველობა და ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის მოწესრიგებას შეუდგა.
პირველ რიგში მკაცრად დასაჯა მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილები: საკუთარი დედა, დედოფალი თამარი, სამეგრელოში გააძევა, იმერეთიდან განდევნა მისივე ბიძა მამუკა ბატონიშვილი ხოლო მეორე ბიძას, გიორგი ბაგრატიონს საპყრობილეში მიუჩინა ადგილი, ლევან აბაშიძეს ჩამოართვა სამკვიდრო სოფელი - კაცხი, მონასტრითა და ციხესიმაგრით და სახელმწიფოს უშუალო საკუთრებად გამოაცხადა, მამია გურიელს მმართველის სტატუსი ჩამოართვა და გურიის მთავრად მისი უმცროსი ძმა გიორგი დასვა.
რაც შეეხება რაჭის ერისთავს როსტომსა და მის ძმას - ბესარიონ კათალიკოსს, სოლომონმა მათთან ურთიერთობის გარკვევა მომავლისთვის გადადო. სოლომონი ხვდებოდა რომ უმაღლეს საეკლესიო ხელისუფალსა და ყველაზე გავლენიან ფეოდალთან დაპირისპირება არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა და ამიტომ ორივე მათგანი შეიწყალა.
თავგასული თავადების წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერი მოკავშირეების გარეშე რთული იქნებოდა, ამიტომ სოლომონმა კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღო: გაეყარა თავის პირველ ცოლს, აფხაზთა მთავრის ასულს თინათინ შერვაშიძეს და ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, ოტია დადიანის შვილი მარიამი, შემოირიგა მის მიერ დასჯილი მამია გურიელი, რომელსაც დაუბრუნა წართმეული სტატუსი და აღადგინა გურიის მთავრად.
მამია გურიელი და ოტია დადიანი, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საკმაო ძალას წარმოადგენდნენ ამ დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმით სოლომონმა არა მხოლოდ ერთგული მოკავშირეები შეიძინა არამედ როსტომ ერისთავსა და ლევან აბაშიძეს ძლიერი მომხრეები გამოაცალა.
იმ პერიოდში ფეოდალების სიძლიერეს მნიშვნელოვნად განაპირობებდა მათ მფლობელობაში არსებული ციხესიმაგრეები, ისინი ერთგვარ დამცავ ზღუდეს წარმოადგენდნენ მეფესთან წინააღმდეგ ბრძოლაში. იმერეთის ციხეების ერთი ნაწილი მეფის მოწინააღმდეგე თავადებს ეკუთვნოდა, მეორე ნაწილს კი თურქები აკონტროლებდნენ. სოლომონმა რამდენიმე ციხე ჩამოართვა თავადებს, ხარაგაულისა და ჩხერის ციხეები კი მათში შემავალი აზნაურებით, მსახურებითა და გლეხებით შეიძინა.
სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული თავად-აზნაურობა, სამეფო კარზე დაიახლოვა და მის ერთგულ ჯარისკაცებად აქცია აბაშიძისა და ერისთავის მოწინააღმდეგე ჯაფარიძეები, წულუკიძეები, აგიაშვილები, იაშვილები, ლორთქიფანიძეები, მაჭავარიანები.
პარალელურად, თავისი დიდი წინაპრის, დავით აღმაშენებლის მსგავსად სოლომონ I-მა შექმნა, სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, 1000 კაციანი მებრძოლთა რაზმი, რომელსაც "ფიცის კაცნი" უწოდა და სამეფო კარზე მყოფი ერთგული თავად-აზნაურებისაგან დააკომპლექტა. ისევე როგორც დავით აღმაშენებელის დროს, მის პირად სამსახურში მყოფ რჩეულთა არმიას ეწოდებოდა "მონასპა", სოლომონ I-ის შემთხვევაში ეს იყო ზემოთ ხსენებული ,,ფიცის კაცნი“ რომელიც ასევე მის პირად არმიას წარმოადგენდა.
"ფიცის კაცები" წელიწადში ერთხელ - 15 მაისს - ოჯახებით, თავიანთი ყმებით, სამღვდელოებითა და ხატებით, წინასწარ არჩეულ ადგილზე იკრიბებოდნენ, სანადიმო სუფრას შლიდნენ და მეფის ერთგულების ფიცს დებდნენ.
როგორც კი ქვეყანაში, შედარებით წესრიგი აღადგინა სოლომონმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას, ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში ათწლეულობით გრძელდებოდა და შესაბამისად მისი აკრძალვით სოლომონ I-მა არამხოლოდ ოსმალთა არამედ არამედ ამ საქმეში ჩართულ ქართველ თავად-აზნაურთა გაღიზიანებაც გამოიწვია.
1757 წელს, ლევან აბაშიძემ, ახალციხის ფაშასთან, ჰაჯი აჰმედთან ვიზიტის დროს იგი დაარწმუნა რომ სოლომონი ღალატს აპირებდა და მას საკუთარი შვილიშვილის წინააღმდეგ ჯარის გამოყვანა სთხოვა, რაზეც ახალციხის ფაშა სიხარულით დათანხმდა. ლევან აბაშიძესთან ერთად, მტრის ბანაკში იყო რაჭის ერისთავი როსტომი და იმერეთის თავად-აზნაურთა დიდი ნაწილი.
სოლომონს არ გამოჰპარვია თავისი მტრების სამზადისი და პარალელრად თავადაც ამზადებდა ჯარს ამ ბრძოლისთვის. მეფის მოკავშირეები იყვნენ: ოდიშის მთავარი - ოტია დადიანი, გურიის მთავარი - მამია გურიელი, სამურზაყანოს მთავარი - ხუტუნია შერვაშიძე, იმერეთის თავად-აზნაურობა და გლეხობა.
საბოლოოდ 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში ოსმალთა 30-ათასიანი არმია, გოლა ფაშას ხელმძღვანელობით იმერეთში შემოიჭრა. ქართველ მებრძოლთა რაოდენობა, ოსმალებზე თითქმის სამჯერ ნაკლები იყო და ის 11000-მდე მეომარს შეადგენდა.
სოლომონმა კიდევ ერთხელ მიმართა დავით აღმაშენებლის გეგმას და გადაწყვიტა მტრის შეტყუება ისეთ ადგილზე, სადაც ისინი თავიანთ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ.
პირველი სამხედრო შეტაკებები ზეკარის უღელტეხილთან მოხდა, სოლომონი მიზანმიმართულად იხევდა უკან და ცდილობდა მინიმალური დანაკარგების სანაცვლოდ მტრის ლაშქარს მისი გეგმის შესაბამისი ტრაექტორიით ემოძრავა.
თავდაპირველი ბრძოლის შემდგომ, სოლომონ მეფე ბაღდათის რაიონში, საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრდა თუმცა მეორე დღესვე უკან დაიხია და ოსმალებს ქუთაისისკენ მიმავალი გზა გაუთავისუფლა. შედეგად მტერმა იმერეთის სამეფოს დედაქალაქი დაიკავა.
ქუთაისში შესულ მტრის არმიას, საკუთარი ძალებით შეუერთდნენ ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი, მათ იცოდნენ მეფის ძირითადი ადგილსამყოფელი და ვინაიდან მიზანი სოლომონის სწრაფი განადგურება იყო გადაწყვიტეს მეორე დღესვე დაძრულიყვნენ ხრესილის მიმართულებით. 13 დეკემბერს, ოსმალთა და მოღალატე ქართველთა ერთობლივმა ჯარებმა მთლიანად დატოვეს ქუთაისი და გოდოგან-გელათის გზის გავლით ხრესილის ველს მიაღწიეს სადაც დაბანაკდნენ კიდეც.
სოლომონის გეგმა გამართლდა, მტრის არმია მისთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე იყო განთავსებული. პარალელურად წარმატებას მიაღწიეს სოლომონის გეგმის მიხედვით მოქმედმა სხვადასხვა რაზმებმა და კონტროლი დაამყარეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, ზურაბ მიქელაძემ ეკალმუხურთან გაანადგურა ფოთის ფაშის ჯარი, ქაიხოსრო აგიაშვილმა აიღო ბაღდათის ციხე, არჩილ ბატონიშვილი და გიორგი აბაშიძე შორაპნის ციხეს დაეუფლნენ ხოლო ბერი წულუკიძემ და კაცია კოპალიანმა ქუთაისი გაათავისუფლეს და ხრესილისკენ აიღეს გეზი.
14 დეკემბერს, ხრესილის ველზე დაიწყო პირველი საომარი მოქმედებები, ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, რომელიც ცენტრში იყო განლაგებული, მათ უკან იდგა კავალერია, მარცხნივ პაპუნა წერეთლის ხოლო მარჯვნივ უშუალოდ სოლომონ I-ის სარდლობით, კავალერიას ზურგს უმაგრებდა აფხაზთა 1600 კაციანი ლაშქარი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით, სოლომონის მარცხნივ იდგა სალომინაოს და საკოპალიანოს რაზმები.
ცხარე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, ლომივით იბრძოდა 22 წლის მეფე სოლომონი, რომელმაც გოლა ფაშა საკუთარი ხელით მოკლა, ხრესილის ბრძოლას შეეწირა მოღალატე თავადი ლევან აბაშიძეც, როსტომ რაჭის ერისთავი კი გაიქცა. 12000-მდე ოსმალო ბრძოლის ველზე დაეცა ხოლო 15000-მდე ტყვედ ჩავარდა, მეფემ დატყვევებულ ოსმალო სარდლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და იქვე აღასრულებინა სასჯელი. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ხუტუნია შერვაშიძე, რომელმაც საარაკო გმირობა გამოიჩინა და საკუთარი სიცოცხლის ფასად სოლომონ მეფე სიკვდილისგან იხსნა.
დეკემბრის ბოლომდე იმერეთის სამეფო თითქმის სრულიად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისა და გავლენისაგან. ხრესილის ბრძოლის შემდეგ იმერეთის მეფის ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა, რამაც სოლომონს საშუალება მისცა დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა იმ მიზნების მისაღწევად რაც გამეფების ჟამს დაისახა.
ხრესილის ბრძოლიდან 1 წლის შემდეგ, 1759 წლის 4 დეკემბერს სოლომონ I-მა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება მოიწვია, რომელსაც საეკლესიო მოღვაწეების გარდა, ესწრებოდნენ იმერეთის ბატონიშვილები, სამეგრელოსა და გურიის მთავართა ოჯახის წევრები და დასავლეთ საქართველოს წარჩინებული თავადაზნაურობა. კრება 1 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მსჯელობის ძირითად საგანს საეკლესიო საქმეების მოწესრიგება და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა წარმოადგენდა.
სოლომონის ტახტზე ასვლის მომენტში ეკლესია საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებოდა, საეკლესიო მამულების დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული, გაუქმებული იყო მრავალი საეკლესიო კათედრა და მონასტერი, ოსმალეთი მაჰმადიანობას ავრცელებდა, აგებდა მეჩეთებს და ანგრევდა ეკლესიებს.
სოლომონს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეკლესიის როლის წინა პლანზე წამოწევა, ამიტომ საეკლესიო პოლიტიკა მან შემდეგი მიმართულებებით განახორციელა: ეკლესიას დაუბრუნა მიტაცებული ყმა-მამულები; საეკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახადებისგან და საეკლესიო გადასახადები დააკანონა; ერისკაცებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმეებში ჩარევა; საეკლესიო თანამდებობებიდან გადააყენა უღირსნი და მათ ნაცვლად ღირსეული პირები მოიწვია; ააგო და შეამკო ეკლესია-მონასტრები.
დასავლეთ საქართველოს ეკლესიის აღრორძინების შემდეგ მეფემ მისი სახით ძლიერი მოკავშირე შეიძინა, რაც ყველაზე მთავარია, კრებაზე კანონგარეშედ გამოცხადდა ტყვეთა სყიდვა. ეკლესია ტყვის გამყიდველს სამუდამოდ შეაჩვენებდა, სამეფო ხელისუფლება კი დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომით - სიკვდილით დასჯიდა.
ხრესილის ომში გამარჯვება და შემდგომში მის მიერ გატარებული რეფორმები, ხალხის ფართო მასების ინტერესებს პასუხობდა რამაც მეფეს უდიდესი ავტორიტეტი და სახელი მოუპოვა.
სოლომონ I მიიჩნევა იმერთა აღმაშენებლად, ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად! სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა გამონათქვამი სოლომონზე:
"ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე, იმერთ მეფე სოლომონი" !!!